8 ივნისი ოკეანის მსოფლიო დღეა.
ეს დღე არის დღესასწაული, რომელიც დაწესებულია იმისათვის, რომ შეგვახსენოს ოკეანის მნიშვნელოვანი როლი პლანეტის და მთლიანად კაცობრიობის ცხოვრებაში.
პირველად მსოფლიო ოკეანის დღის კონცეფცია 1992 წელს კანადის მთავრობამ წარადგინა რიო დე ჟანეიროს “დედამიწის ყოველწლიურ სამიტზე”.
2009 წლიდან კი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით ოკეანის დღე ოფიციალურად ყოველ 8 ივნისს აღნიშნება.
ოკეანეები დედამიწის ზედაპირის ⅔ ფარავს და ის დედამიწაზე სიცოცხლის არსებობის განმაპირობებელი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ოკეანეებს დიდი მნიშვნელობა აქვთ ნახშირორჟანგის შთანთქმასა და დიდი რაოდენობით ჟანგბადის გამოყოფაში, რითაც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ კლიმატის ცვლილების შერბილების პროცესში.
ადამიანები საკუთარი საქმიანობით ნეგატიურ გავლენას ახდენენ ოკეანეების მდგომარეობაზე. ყოველწლიურად დიდი რაოდენობით პლასტმასის ნარჩენს სწორედ ოკეანეში განათავსებენ, რაც პლასტმასის მოტივტივე კუნძულებს ქმნის და დიდ ზიანს აყენებს ოკეანის ბიომრავალფეროვნებას.
აღსანიშნავია ასევე ოკეანეებში სხვადასხვა ქიმიური ნივთიერების კონცენტრაციის ზრდა, რაც, რიგ შემთხვევაში, ოკეანეების მჟავიანობის მატებას იწვევს.
ზღვის ცოცხალი რესურსების გადაჭარბებული ექსპლუატაცია, კლიმატის ცვლილება და ოკეანეების დაბინძურება საშიში ნივთიერებებით და სამრეწველო ნარჩენებით, ეს ყველაფერი სერიოზულ საფრთხეს უქმნის საზღვაო გარემოს. ეს ასევე ეხება კრიმინალურ ქმედებებს, მათ შორის მეკობრეობას, რაც სერიოზულ გავლენას ახდენს გემების და მეზღვაურების უსაფრთხოებაზე.
გაეროს და UNEP-ის ანგარიშის მიხედვით, 2050 წლისთვის მსოფლიო ოკეანეების მჟავიანობა 150%-ით გაიზრდება - ეს 100-ჯერ უფრო სწრაფია, ვიდრე მჟავიანობის დონის ნებისმიერი ცვლილება, რაც საზღვაო გარემომ განიცადა ბოლო 20 მილიონი წლის განმავლობაში, რაც ტოვებს. ზღვის ორგანიზმებს ადაპტაციისთვის ძალიან ცოტა დრო აქვთ. კვლევამ აჩვენა, რომ 2100 წლისთვის, წყლის მჟავიანობის მატების გამო, განადგურდება მარჯნების დაახლოებით 70%, რომლებიც ძირითადი ეკოსისტემებია კომერციული თევზის უმეტესობისთვის. ოკეანის ეკოსისტემების სერიოზული ზიანის აცილება შესაძლებელია მხოლოდ ნახშირორჟანგის გლობალური გამონაბოლქვის სწრაფი შემცირებით.
ამ დღის მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ეწყობა გამოფენები, დისკუსიები და შემეცნებითი ტურები ოკეანის და მისი ეკოსისტემების პრობლემების გასაცნობად.