,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით გათვალისწინებული სიახლეების გაცნობის მიზნით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ქალაქ ბათუმში საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილმა, უფროსის პირველმა მოადგილემ ოთარ ჩახუნაშვილმა და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ გახსნეს.
ლელა ჯანაშვილის განცხადებით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული, პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგრადი და ეფექტიანი მექანიზმი შეიქმნება, ასევე დაიხვეწება კანონმდებლობა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში.
შეხვედრაზე საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა - არჩილ ჯაველიძემ და სამსახურის უფროსის აპარატის ხელმძღვანელმა - ნიკოლოზ პოპიაშვილმა ვრცელი პრეზენტაცია წარუდგინეს.
მომხსენებლებმა ყურადღება გაამახვილეს საჯარო და კერძო სექტორში ახალი კანონის იმპლემენტაციისათვის აუცილებელ ღონისძიებებზე. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან სიახლეებს, როგორიცაა, მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასება, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებებისთვის მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველი ინციდენტის განსაზღვრის კრიტერიუმები, მონაცემთა დაცვის ოფიცერი. ხაზი გაესვა მონაცემთა დამუშავების წესების დარღვევისათვის ახალი კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობის ზომებსა და მათი გამოყენების ახალ წესებს.
შეხვედრა კერძო სექტორის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ბუსსს ანრის ადამიანური რესურსების მენეჯერი ნათია დიასამიძე და იურიდიული განყოფილების უფროსი გიორგი დიასამიძე.
აღსანიშნავია, რომ ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონი საქართველოს პარლამენტმა მიმდინარე წლის ივნისში მიიღო. კანონის ძირითადი ნაწილი 2024 წლის 1 მარტიდან ამოქმედდება, ხოლო გარკვეული დებულებები 1 ივნისიდან შევა ძალაში.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური კანონის შესახებ ცნობიერების გაზრდის მიზნით სექტორულ და სხვადასხვა ფორმატით შეხვედრებს აქტიურად გააგრძელებს.