GE|EN

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა.

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წელს დაწესდა.

საქართველო წელს მეთორმეტედ უერთდება მსოფლიო ინიციატივას.

ამ დღის მიზანია, საზოგადოებას მიეწოდოს ინფორმაცია დაუნის სინდრომის მქონე პირთა შესახებ , მოხდეს მათი უფლებების დაცვა, ხელი შეუწყოს არსებული სტერეოტიპების მსხვრევასა და მათ სრულუფლებიან მოქალაქეებად დამკვიდრებას.

„დაუნის სინდრომი“ პირველად აღწერა ინგლისელმა ექიმმა ჯონ დაუნმა მე-19 საუკუნის ბოლოს, რის გამოც მას „დაუნის სინდრომი“ ეწოდა. დაუნის სინდრომი არის ადამიანის გენეტიკური მდგომარეობა, როდესაც ყველა უჯრედში 46 ქრომოსომის ნაცვლად, 47 ქრომოსომაა. ეს მისი ბუნებრივი მდგომარეობაა, აქედან გამომდინარე, დაუნის სინდრომი დაავადება არ არის.

დაუნის სინდრომის დღის აღნიშვნის ერთ-ერთი სიმბოლო ჭრელი წინდაა, რომელიც ქრომოსომას ჰგავს. დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების შემთხვევაში 21-ე ქრომოსომაზე წყვილის მაგივრად არის 3 ქრომოსომა. სიმბოლურად ამიტომ შეირჩა რიცხვები 21 და 3 (21:03)
ქრომოსომა ფორმით წინდას წააგავს, სწორედ ამიტომ არის ფერადი წინდა დაუნის სინდრომის სიმბოლო.
ჭრელმა წინდებმა მსოფლიოს მასშტაბით არაერთ ადამიანამდე მიიტანა ინფორმაცია დაუნის სინდრომისა და 21-ე ქრომოსომური წყვილის ტრისომიის შესახებ.
2023 წლის დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის გზავნილი არის - ჩვენთან ერთად და არა ჩვენთვის!