21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა.
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წელს დაწესდა.
საქართველო წელს მეცამეტედ უერთდება მსოფლიო ინიციატივას.
დღეს, 21 მარტს, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს, თანადგომის აქტივობით ბუსსს ანრის პერსონალი და პროფესიული სტუდენტები შეუერთდნენ.
ამ დღის მიზანია, საზოგადოებას მიეწოდოს ინფორმაცია დაუნის სინდრომის მქონე პირთა შესახებ , მოხდეს მათი უფლებების დაცვა, ხელი შეუწყოს არსებული სტერეოტიპების მსხვრევასა და მათ სრულუფლებიან მოქალაქეებად დამკვიდრებას.
„დაუნის სინდრომი“ პირველად აღწერა ინგლისელმა ექიმმა ჯონ დაუნმა მე-19 საუკუნის ბოლოს, რის გამოც მას „დაუნის სინდრომი“ ეწოდა. დაუნის სინდრომი არის ადამიანის გენეტიკური მდგომარეობა, როდესაც ყველა უჯრედში 46 ქრომოსომის ნაცვლად, 47 ქრომოსომაა. ეს მისი ბუნებრივი მდგომარეობაა, აქედან გამომდინარე, დაუნის სინდრომი დაავადება არ არის.
დაუნის სინდრომის დღის აღნიშვნის ერთ-ერთი სიმბოლო ჭრელი წინდაა, რომელიც ქრომოსომას ჰგავს. დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების შემთხვევაში 21-ე ქრომოსომაზე წყვილის მაგივრად არის 3 ქრომოსომა. სიმბოლურად ამიტომ შეირჩა რიცხვები 21 და 3 (21:03)
ქრომოსომა ფორმით წინდას წააგავს, სწორედ ამიტომ არის ფერადი წინდა დაუნის სინდრომის სიმბოლო.
ჭრელმა წინდებმა მსოფლიოს მასშტაბით არაერთ ადამიანამდე მიიტანა ინფორმაცია დაუნის სინდრომისა და 21-ე ქრომოსომური წყვილის ტრისომიის შესახებ.
2024 წლის დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის გზავნილი არის - ერთად დავასრულოთ სტერეოტიპები!
მნიშვნელოვანია, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს, როგორც საზოგადოების სრულფასოვან წევრებს, კიდევ ერთხელ ვაგრძნობინოთ ჩვენი კეთილგანწყობა, თანადგომა და სიყვარული.